weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

15 წელში საქართველოდან ემიგრაციაში 1.4 მილიონი ადამიანი წავიდა – კვლევა

18:14 ოთხშაბათი, 27 თებერვალი 2019

საქართველო მსოფლიოს იმ ოთხ ქვეყანას შორისაა, სადაც მოსახლეობა მცირდება არა ბუნებრივი მატების შემცირების, არამედ ემიგრაციის ხარჯზე. არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ და ილიაუნის „ფინანსური განათლების ცენტრის“ ერთობლივი კვლევის მიხედვით, 2002-2017 წლებში საქართველოდან ემიგრაციაში 1.4 მილიონი ადამიანი წავიდა.

კვლევაში, სადაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ადამიანური კაპიტალის როლს აფასებენ, ნათქვამია, რომ საქართველოში 15 წელზე უფროსი მოსახლეობის, ანუ სამუშაო ძალის დინამიკა კლების ტენდენციით ხასიათდება, რაც ნაწილობრივ გამოწვეულია შობადობის შემცირებით, ნაწილობრივ მოსახლეობის დაბერების ტენდენციით, ნაწილობრივ კი მიგრაციის მაღალი მაჩვენებლით.

„სამუშაო ძალის შემცირების დინამიკა მწვავე პრობლემაა ქვეყნისთვის. შობადობა 1995-2002 წლებში ყოველწლიურად საშუალოდ 3%-ით მცირდებოდა, რამაც დღეისთვის შეამცირა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც ჩართული უნდა ყოფილიყო ეკონომიკურ საქმიანობაში. ყოველწლიურად იზრდება ემიგრანტთა რაოდენობა. 2002 წლიდან 2017 წლის ჩათვლით ქვეყნიდან გასულია დაახლოებით 1.4 მილიონი ადამიანი“, – ნათქვამია კვლევაში.

კვლევის თანახმად, 2008 წლიდან მოყოლებული ქვეყანაში დაბადებულთა რაოდენობა აჭარბებს გარდაცვლილთა რაოდენობას და რომ არა ემიგრაციის მაღალი მაჩვენებელი, მოსახლეობის რიცხოვნობა საქართველოში უნდა გაზრდილიყო.

„მსოფლიოში არსებობს მხოლოდ ოთხი ქვეყანა, სადაც მოსახლეობა მცირდება არა ბუნებრივი მატების შემცირების, არამედ ემიგრაციის ხარჯზე. ეს ქვეყნებია: ალბანეთი, საქართველო, პუერტო რიკო და ესპანეთი“, – აღნიშნულია კვლევაში.

გარდა იმისა, რომ ემიგრაციის შედეგად მცირდება საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა, კვლევის თანახმად, ემიგრაციას თან ახლავს კვალიფიციური კადრების გადინება, რაც ამცირებს ქვეყნის მწარმოებლურობას და კიდევ უფრო აუარესებს ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებელს.

„როგორი ადამიანური რესურსის მატარებლები არიან საქართველოდან წასული ემიგრანტები? საქსტატის შინამეურნეობათა გამოკვლევის 2017 წლის მონაცემების თანახმად, 2017 წლის მდგომარეობით, საზღვარგარეთ წასულთა დაახლოებით 20% ფლობს ბაკალავრის, ან მაგისტრატურის/რეზიდენტურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დიპლომს (2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემების თანახმად, იგივე მაჩვენებელი ქვეყანაში დარჩენილი მოქალაქეებისთვის 27%-ია).

ანუ საზღვარგარეთ წასულთა თითქმის მეხუთედი წარმოადგენს სამუშაო ძალის იმ ნაწილს, რომელიც მაღალი ადამიანური რესურსით ხასიათდება და რომელსაც შეეძლო საკუთარი წვლილი შეეტანა ქვეყნის მწარმოებლურობის ზრდაში.

გარდა განათლების მიღწეული დონისა, მნიშვნელოვანია ასევე ემიგრანტთა ასაკი, რამდენადაც ასაკი განაპირობებს მომუშავის ფიზიკურ სიძლიერეს, ცოდნის მიღების პოტენციალს და ბაზრისთვის ახალი სამუშაო ძალის მიწოდების (შობადობის უნარს).

საქსტატის მონაცემების თანახმად, ემიგრანტთა საშუალოდ 66% 40 წლამდე ასაკისაა. კაც ემიგრანტთა საშუალოდ 80%, ხოლო ქალ ემიგრანტთა 68% იმყოფება 40 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყნიდან გადის შრომისუნარიანი და რეპროდუქციული მუშახელი“, – აცხადებენ კვლევის ავტორები.

მათივე თქმით, ყოველივე ერთად აღებული, ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა და მსგავსი ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში ქვეყნის მწარმოებლურობა და შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო შენელდება.

კვლევის შედეგად გამოკვეთილი პრობლემების მოსაგვარებლად არასამთავრობო ორგანიზაცია „ფინანსური განათლების ცენტრი“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია: ქვეყანაში შეიქმნას სამუშაო ადგილები, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება საერთაშორისო ასპარეზზე; ყურადღება გამახვილდეს მაღალპროდუქტიულ სექტორებზე; წახალისდეს სასწავლებლად წასული ახალგაზრდების ქვეყანაში დაბრუნება; გაუმჯობესდეს არსებული განათლების სისტემა; წახალისდეს პროფესიული განათლება; ამაღლდეს არსებული კადრების კვალიფიკაცია, ვინაიდან, როდესაც სამუშაო ძალა მცირდება, ეკონომიკური ზრდის მისაღწევად აუცილებელია არსებული სამუშაო ძალის პროდუქტიულობის ზრდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]